ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოიტანა.

როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა, ლევან ჯალაღანიამ აღნიშნა,  საზოგადოებაში იყო მოარული ხმები, რომ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა,  რის გამოც ბრალდების მხარემ დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

„ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდება, შეურაცხადი იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას.  ეს იქნება განმსაზღვრელი, მოხდება სისხლის სამართლებრივად მისი გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. ამ ეტაპზე, მოთავსებული იქნება საპატიმრო დაწესებულებაში. ბრალდებული არსად, არც ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადრე არ იყო რეგისტრირებული. 2008 წელს ძარცვისთვის იყო გასამართლებული,  2014 წელს კი  – ცემისთვის“, – აღნიშნა პროკურორმა.

ადვოკატი ზურა დალაქიშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული შესაბამისი ექსპერტიზისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა მოთავსდეს. მისი თქმით, დიდი ალბათობით სასამართლო დღესვე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მათ შუამდგომლობას ამ საკითხზე.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ადვოკატმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იყო მოთავსებული.

საქმეზე შემდეგი სხდომა 4 აპრილს გაიმართება.

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

დატოვე კომენტარი