რუსთავში მკვლელობისთვის დაკავებული ვალერი ირემაძის საქმეზე შესაძლოა, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
რუსთავში მკვლელობისთვის დაკავებული ვალერი ირემაძის საქმეზე შესაძლოა, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

რუსთავში მკვლელობისთვის დაკავებული ვალერი ირემაძის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, კლინიკა „რუსთავისა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ განუცხადა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქმის მასალები შეისწავლა.

„ჯგუფი იყო შემოსული, შეისწავლა მასალები. ამგვარი სანქციების გატარებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი ორგანო არის რეგულირების სააგენტო და მისი დასკვნის საფუძველზე იქნება სრულყოფილი ინფორმაცია. რაც შეეხება სისტემურ უზრუნველყოფას, აქ სისტემური უზრუნველყოფა არის დინამიური პროცესი, განვითარებადი პროცესი და რა თქმა უნდა, კონკრეტული ღონისძიებები გატარდა.

სისტემური ცვლილებები იქნება. იგეგმება აქტივობები როგორც პრევენციული კუთხით, ასევე სამკურნალო დამატებითი სერვისების შეთავაზების კუთხით. უახლოეს პერიოდში გვექნება დამატებითი საწოლი ადგილები როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.

შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს  მოხდა.  13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. 12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.