რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის კონსულტაციები გაიმართება
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის კონსულტაციები გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით, „ლელოსთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
„დღეს გვექნება შეხვედრა. ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა პარტიაშიც. იცით, რომ დავით კირკიტაძე არის მნიშვნელოვანი ფიგურა რუსთავში ოპოზიციურ ფრონტზე და მისი მოსაზრებები უნდა გავითვალისწინოთ. კონსულტაციების დასრულების შემდეგ განცხადებას გავაკეთებთ“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტი უსამართლოდ მოექცა, როცა მანდატი ჩამოართვა.
„მნიშვნელოვანია ბრძოლის გაგრძელება და ის, რომ ამ ბრძოლაში ოპოზიციამ ერთიანი ფრონტი აჩვენოს. ამიტომ ვფიქრობ, კოორდინირებული მოქმედებები აუცილებელია“, – დასძინა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.