რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის კვლევის მიზნით არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო
რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის კვლევის მიზნით არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო

რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის კვლევის მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო, რომელიც ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

ექსპედიციის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთავში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი.

პროექტი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ირაკლი შატაკიშვილსა და ალექსანდრე დალაქიშვილთან ერთად წარადგინა და არქეოლოგიური ექსპედიციის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ რუსთავის ისტორიის, ქალაქის ამ მიმართულებით განვითარებისა და სფეროს ხელშეწყობისთვის მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, აღინიშნა, რომ საგულისხმოა ამ სფეროთი ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მათი აქტიურობის წახალისება.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა თეა ონიანმა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მსგავსი ინიციატივები უმნიშვნელოვანესია. თეა ონიანმა მხარდაჭერა აღუთქვა მუნიციპალიტეტსა და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, წარმატებები უსურვა არქეოლოგიურ ექსპედიციასა და ახალგაზრდებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ.

რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი ნასახლარი შუაბრინჯაოს ხანით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში რუსთავი, მცხეთასთან, ურბნისსა და უფლისციხესთან ერთად, ქალაქად ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან მოიხსენიება.