„რუსთავი 2“-ის ადვოკატი - ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა გააკრიტიკა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, თქვა, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციური არხი
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი - ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა გააკრიტიკა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, თქვა, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციური არხი

ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადება იყო გაუგებარი, პრაქტიკულად, ჭორების დონეზე გადმოცემულ ინფორმაციას გვაძლევდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა არხის პარტნიორთა კრების შემდეგ განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატის თქმით, არხის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას განცხადებების გამო, ნინო ნიჟარაძის წილის ფასი დავარდა.

„სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა მან. ვითხოვეთ არგუმენტაცია, მაგალითად, შეაფასა თუ არა, საიდან მოიტანა ეს შეფასებები. მან თქვა, რომ არა. ასევე, მან პრაქტიკულად გააკრიტიკა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, თქვა, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციური არხი და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მოვლენებს დადებითად არ ვაშუქებთ. პრაქტიკულად, გააკრიტიკა ჩვენი როლი ანუ მედიის როლი როგორ „ვოჩ დოგის“ ანუ მოდარაჯე ძაღლის როლი. მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნა, იცოდა ყველა ის ღონისძიება, რაც მაუწყებელმა გაატარა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, ანუ ეს იყო ნიკა გვარამიას მყისიერი ბოდიში, შემდეგ არხის მიერ ცალკე გაკეთებული განცხადება, ასევე თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამის მიუხედავად, ის მაინც თვლიდა, რომ ნიკა გვარამიამ პრაქტიკულად საკმარისად არ დაგმო გიორგი გაბუნია. რომ ვკითხეთ სხვა რა ღონისძიება შეიძლება, ყოფილიყო, პასუხი ვერ გაგვცა, ყველა არგმუმენტი, რაც მოვისმინეთ ნიჟარაძის წარმომადგენლის მხრიდან, პრაქტიკულად იყო მინიშნება, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა იყო ცუდი, მას ეს არ აწყობს და ეს უნდა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ამბობენ, კარგად ესმით ამ კომპანიის საქმიანობა, მაინც თვლიან, რომ გვარამია უნდა გადამდგარიყო. არ იციან, გიორგი გაბუნიაზე, როგორც ჟურნალისტზე მათ შორის დირექტორს არ აქვს ცენზურის განხორციელების უფლებამოსილება. ჩვენ მივუთითეთ რომ სარედაქციო გადაწყვეტილებები არ მიიღება,სასამართლოში, პარტნიორთა კრებაზე ან დირექტორის კაბინეტში, რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, შეცდომები არის იყო და იქნება, მაგრამ სწორედ ამისთვის არის რეაგირება ეფექტური“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა ტელევიზიის პარტნიორთა კრების შემდეგ განაცხადა: „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნიკა გვარამია და დომინანტი პარტნიორები თვლიან, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა“.