ნინო ნიჟარაძის ადვოკატი - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნიკა გვარამია და დომინანტი პარტნიორები თვლიან, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნიკა გვარამია და დომინანტი პარტნიორები თვლიან, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნიკა გვარამია და არხის დომინანტი პარტნიორები თვლიან, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა ტელევიზიის პარტნიორთა კრების შემდეგ განაცხადა.

„პარტნიორთა კრებაზე ყველაზე ვრცელი დრო დაეთმო კომპანიის დირექტორის გადაყენების საკითხს. შესაძლებელი იყო, პარტნიორებს გაეწიათ წინააღმდეგობა და არ დაეჭირათ მხარი ამ საკითხის დაყენების ინიციატივისთვის, თუმცა კომპანიის დირექტორის ინიციატივით, მის გადაყენებასთან დაკავშირებით საკითხის დღის წესრიგში შეტანა მხარდაჭერილ იქნა და და კრებამ ამასთან დაკავშირებით იმსჯელა. დომინანტი პარტნიორებისა და დირექტორების მხრიდან ნებისმიერ საკითხთან მიმართებით აბსოლუტური ერთსულოვნება კომპანიისთვის საზიანოა თუ არა, კრებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომლის პირობებშიც მოხდა იმ განცხადების გაკეთება ეთერიდან, რა განცხადების გაკეთებაც მოხდა, ვსაუბრობ გაბუნიას ინციდენტზე, იყო კომპანიისთვის საზიანო, მისი დისკრედიტაციის, მის მიმართ საზოგადოების განწყობის დაკარგვის საფუძველი, ასეთი გახლდათ ჩვენი შეფასება“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძის მხარემ დასვა საკითხი, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგს არხის დირექტორის გადადგომა უნდა მოჰყოლოდა.

„ჩვენ სარჩელიც გვაქვს დაყენებული და დომინანტ პარტნიორებთან სხვა მიზეზიც გაგვაჩნია, თუმცა ეს იყო ჩვენი მხრიდან შეფასებული იმგვარად, რომ უნდა მოჰყოლოდა კომპანიის ხელმძღვანელის გადადგომა. არავინ მხარი არ დაგვიჭირა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დირექტორი და დომინანტი პარტნიორები თვლიან, რომ ამით დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს სასარგებლოც კი აღმოჩდა მისი რეიტინგის მატების თვალსაზრისით. საუბარია გაბუნიას განცხადების კონტექსტში. მისი განცხადება პოზიტიურად არ შეფასდა ჟურნალისტური გამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა დომინანტი პარტნიორების შეფასება იყო, რომ ჩვენ ამას მეტად მკაცრად ვაფასებთ და გვგონია, რომ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. ისინი თვლიან, რომ იმაზე მეტი არაფერი უნდა მომხდარიყო, ვიდრე მოხდა, ხოლო რეიტინგის კუთხით განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ვთვლით, რომ ეს იყო კომპანიისთვის საზიანო, მათი პოზიციით, პირიქით, ეს კომპანიისთვის სასარგებლოა და ასწია რეიტინგი. სხვა საკითხებიც წარმოადგენს ჩვენი შესწავლის საგანს და თუკი ესეთი მიზანმიმართული პოლიტიკა, ასეთი მიზანმიმართული დამოკიდებულება იქნა კომპანიის დისკრედიტაციის მიმართულებით, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში, რომელიც შეისწავლის ამ საქმიანობას“, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

მისი თქმით, სხდომას ნიკა გვარამია უძღვებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით მაქსიმალური რეაგირება ის არის, რასაც არხმა უკვე მიმართა.

„ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დირექტორისა და დომინანტი პარტნიორების ამგვარი დამოკიდებულება არ ნიშნავს ტელევიზიაზე ზრუნვას. ვფიქრობ, რომ ეს ტელევიზია მათთვის და მათი ცხოვრებისთვის, მიზნებისთვის წარმოადგენს ინსტრუმენტს, თორემ ამგვარი დამოკიდებულება, რომ კომპანიის რეიტინგი გაზარდო, ჩვენი აზრით, არხზე ზრუნვა არ არის. სხდომა გვარამიას თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა და როგორც წესი, ის არის ძირითადი ოპონენტი. ის თვლის, რომ მაქსიმუმია გაბუნიას ეთერიდან ორი თვით ჩამოშორება. ისიც ჩაითვალა, რომ გაბუნიას დამოკიდებულება ყველანაირად ჯდება სარედაქციო პოლიტიკის დამოკიდებულებაში და სწორია, უბრალოდ სწორი არ არის მისი გამოხატვის ფორმა, არაეთიკური ფორმით იქნა გამოხატული. იყო მცდელობა ჩვენი პოზიციის იმგვარად შეფასების, რომ ჩვენ ვითხოვთ ცენზურის დაწესებას არხზე. ბუნებრივია, ასე არ არის. ჩვენი შეფასების საგანი იყო კონკრეტული ინციდენტი.​ აუდიტორებთან მიმართებითაც იყო საკითხი დაყენებული. გარკვეული დოკუმენტაციის მოწოდება მიმდინარეობს, თუმცა დოკუმენტაციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გადმოსაცემია. კრებაზე დირექტორმა გამოხატა პოზიცია, რომ ეს დოკუმენტაცია დროულად გადმოგვეცეს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი ამოიწურება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა.