რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, დასუფთავების სამსახური მუშაობს
რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. მათმა ნაწილმა ტერიტორია თავად დატოვა, ნაწილი კი სამართალდამცველებმა გაიყვანეს. რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.
აქციის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.
თავად აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს, რომელსაც შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები და ჟურნალისტები.