რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ითხოვენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ითხოვენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები წარწერით, „ვითხოვთ მიშას“.

აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ისაუბრა  პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმაც.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მიშას ხსენების ნუ შეეშინდებათ. „მიშა საქართველოს გადარჩენის შაინსიაო, აქ ვხედავ წარწერას, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რაა. მოდით, ვისაუბროთ, თუ რამე კარგი გააკეთა, ის კარგი დავტოვოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, საქართველოში ჩამოსვლაზე მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ფეისბუქმიმართვის დროს ისაუბრა და აღნიშნა, ჩამოსვლის ყველა ვარიანტს განიხილავს. „განვიხილავ ყველა ვარიანტს, მინდა, ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად. გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ, კონკრეტულად რომელ აეროპორტში, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ, ბოლომდე წამსვლელი ვარ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.