რუსმა დიდოსტატებმა ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა მოსთხოვეს #1TVSPORT
რუსმა დიდოსტატებმა ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა მოსთხოვეს #1TVSPORT

რუსული ჭადრაკის გამორჩეულმა დიდოსტატებმა, ტურნირების ორგანიზატორებმა და ჟურნალისტებმა ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მანიფესტს ხელს აწერს 43 ადამიანი, რომელსაც სათავეში უდგანან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იან ნეპომნიაშჩი, ქალებს შორის მსოფლიოს თასის მფლობელი ალექსანდრა კოსტენიუკი, დიდოსტატი პეტრ სვიდლერი და სხვები. ისინი ოფიციალურად მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს ომის შეწყვეტის თხოვნით.

„ჩვენ უკრაინაში საომარი მოქმედებების წინააღმდეგ გამოვდივართ, მოგიწოდებთ ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ და კონფლიქტის დიალოგისა და დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ. ჩვენთვის აუტანლად მტკივნეული სანახავია ის კატასტროფა, რომელიც ამ დღეებში რუს და უკრაინელ ხალხს დაატყდა თავს.

ჩვენ ყოველთვის გამოვდიოდით რუსეთის სახელით ინდივიდუალურ ტურნირებსა და გუნდურ ჩემპიონატებში, რითაც ძალიან ვამაყობთ. მიგვაჩნია, რომ ჭადრაკი, ისევე, როგორც მთლიანად სპორტი, უნდა აერთიანებდეს ადამიანებს. ჭადრაკი ასწავლის პასუხისმგებლობას თავის საქციელზე, ერთმა შეცდომამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს. და თუ ადრე ლაპარაკი იყო სპორტზე, ახლა საქმე ეხება პოლიტიკას, სასწორზეა უფლებები და თავისუფლება, ადამიანური ღირსება, ჩვენი ქვეყნების აწმყო და მომავალი.

მთელი ამ ტრაგიკული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვფიქრობთ ყველა ადამიანზე, რომელიც ამ საშინელი კონფლიქტის ცენტრში აღმოჩდა. ვიზიარებთ ჩვენი უკრაინელი კოლეგების ტკივილს და მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. უკრაინის ნაკრები ჭადრაკში – ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ერთ-ერთი საუკეთესი გუნდი მსოფლიოში. ჩვენ ერთად ბევრი მატჩი ჩაგვიტარებია. კონკურენციას ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა ვაყენებდით და უკრაინელები იგივეთი გვპასუხობდნენ. გთხოვთ, მისცეთ ორივე მხარის გუნდებს, მოთამაშეებს და ადამიანებს ურთიერთპატივისცემის შესაძლებლობა“, – წერია განცხადებაში, რომელიც მთავრდება რუსეთის მთავრობის მისამართით მოწოდებით: „ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ. შეაჩერეთ ომი!“