რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 4 149-ს მიაღწია.
როგორც ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ ოთხი ადამიანი. „კოვიდ-19“-ის ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა რუსეთში სულ 34-ია.
ამასთან, როგორც ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ინგუშეთში.
მოსკოვში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია, ბოლო 24 საათში დადასტურებულია კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა 50 პროცენტის ასაკი 18-დან 45 წლამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რუსეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 2 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 30 აპრილამდე რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.