რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ იურგაში, კერძო სახლში ხანძრის შედეგად ექვსი ბავშვი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია ორი ზრდასრული. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებო სამსახურებში ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 04:20 საათზე შევიდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი 05:19 საათზე ლიკვიდირებული იყო.
მეხანძრეებმა სახლში შვიდი ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა შორის ხუთი ორიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვია. საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს 42 წლის ქალი და 12 წლის ბიჭი, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია.
ხანძრის ჩაქრობის დროს დაშავდა ერთი მეხანძრე.
ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.