რუსეთში „ანგარსკის მანიაკს“ ათობით ადამიანის მკვლელობისთვის მეორე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში „ანგარსკის მანიაკს“ ათობით ადამიანის მკვლელობისთვის მეორე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, ირკუტსკის საოლქო სასამართლომ ყოფილ მილიციონერს, სერიულ მკვლელ მიხაილ პოპკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის დამატებით 56 მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

მიხაილ პოპკოვს 2015 წლის იანვარში სამუდამო პატიმრობა 22 მკვლელობისთვის უკვე ჰქონდა მისჯილი, თუმცა განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კოლონიაში გაგზავნამდე მან კიდევ 59 მკვლელობა და მკვლელობის ერთი მცდელობა აღიარა, საიდანაც სამი ეპიზოდი მას დაუმტკიცდა.

სასამართლოს მიერ გამოტანილი ორი განაჩენის თანახმად, 1994-2010 წლებში პოპკოვმა 78 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთ-ერთი მისი კოლეგა სამართალდამცველი იყო.
სერიული მკვლელის მეორე საქმის გამოძიება დაახლოებით სამი წელი მიმდინარეობდა, სასამართლო პროცესი კი, ერთი წელი გაგრძელდა.

მეორე სამუდამო პატიმრობის გარდა, სასამართლომ პოპკოვს მილიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება ჩამოართვა. მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რადგან განაჩენი პენსიის მიღების უფლებას ართმევს.

„ინტერფაქსის“ ცნობით, პოპკოვი ამ დრომდე იღებდა შსს-ს პენსიას, ყოველთვიურად 24 ათასი რუბლის ოდენობით.

პოპკოვი 1998 წლამდე ანგარსკში შინაგან საქმეთა სამინისტროს საოლქო განყოფილებაში ოპერატიულ სამსახურში მუშაობდა. რუსული მედიის ცნობით, სულ მცირე სამი მკვლელობა მან მორიგეობის დროს ჩაიდინა, რა დროსაც მილიციის სამსახურებრივი ავტომობილი გამოიყენა. მკვლელობის იარაღებს ის თან ატარებდა.
პოპკოვის მსხვერპლთა შორის ძირითადად ქალები იყვნენ, რომლებიც ქუჩაში გვიან ღამით ხვდებოდნენ.  მსხვერპლს იყო 15 წლის მოზარდიც.

„ინტერფაქსის“ ცნობით, პოპკოვი ამბობდა, რომ მას უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავს, ვიდრე ცნობილ საბჭოთა მანიაკს, ანდრეი ჩიკატილოს.

ჩიკატილომ 56 მკვლელობა აღიარა, სასამართლოში მას 43 დაუმტკიცდა.
პოპკოვი დასახიჩრებულ ცხედრებს, რომლებსაც სექსუალური ძალადობის კვალი ჰქონდათ, ირკუტსკის ოლქის უკაცრიელ რაიონებში ტოვებდა. მოკლულებს პოულობდნენ ანგარსკის ავტომაგისტრალებთან. რამდენიმე მსხვერპლი ცოცხალიც აღმოაჩინეს, თუმცა ისინი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.

1998 წელს სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ანგარსკის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ამოიცნო, თუმცა მაშინ საქმე გამოუძიებელი დარჩა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ანგარსკის მანიაკის“ საქმის გამოძიება მხოლოდ 2012 წელს განაახლა. გამომძიებლებმა ათასობით ადამიანი შეამოწმეს. დამნაშავე მოლეკულარულ-გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დაადგინეს. ასევე, ერთ-ერთი მკვლელობის ადგილას პოპკოვის პირადი ავტომობილის საბურავების კვალი ნახეს.

სერიული მკვლელი 2012 წლის ივნისში დააკავეს.