38 წლის შემდეგ გახსნილი საქმე - საკრამენტოში კალიფორნიელი სერიული მკვლელის სასამართლო პროცესი დაიწყო
38 წლის შემდეგ გახსნილი საქმე - საკრამენტოში კალიფორნიელი სერიული მკვლელის სასამართლო პროცესი დაიწყო

ქალაქ საკრამენტოს სასამართლოში „ოქროს შტატის მკვლელად“ და „ღამის სერიულ მკვლელად“ წოდებული 72 წლის ჯოსეფ დეანჯელოს სასამართლო პროცესი დაიწყო. მას 13 ადამიანის მკვლელობასა და სექსუალური ძალადობის 50 ეპიზოდში ედება ბრალი.

პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჯოსეფ დეანჯელო 70-იან და 80-იან წლებში კალიფორნიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავედ იყო აღიარებული, რომლის იდენტიფიცირება მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

1976 წლიდან საკრამენტოში მოძალადე გამოჩნდა, რომელიც ღამის საათებში სახლებში იჭრებოდა და ქალებზე სექსუალურად ძალადობდა. მსგავსი ხელწერის ძალადობის სერია კალიფორნიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სხვადასხვა ქალაქებში 1986 წლამდე გაგრძელდა. დამნაშავის დაკავება ვერ მოხერხდა, დეანჯელოს საქმე კი სხვა გაუხსნელ საქმეებთან ერთად პოლიციის არქივში დაილუქა.

პირველი მკვლელობა, რომელიც „ღამის სერიული მკვლელის“ სახელს უკავშირდებოდა, მაშინდელმა პოლიციის ოფიცერმა ჯოსეფ დეანჯელომ 1979 წელს სანტა ბარბარაში ჩაიდინა. მან ახალგაზრდა ქალი დებრა მენინგი და მისი მეგობარი რობერტ ოფერმანი მოკლა, ბოლო, მე-13 მსხვერპლი კი 1986 წელს ქალაქ ირვინში აღმოაჩინეს. მას შემდეგ „ოქროს შტატის მკვლელად“ წოდებული დამნაშავე გაუჩინარდა.

როგორც ირკვევა, დამნაშავის პოვნას ის ფაქტიც ართულებდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლად ქცეული ქალები მას განსხვავებულად ახასიათებდნენ. სხვადასხვა დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით შედგენილი ფოტორობოტი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ამის მიუხედავად, გამომძიებლების მცირე ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ღამით სახლებში ერთი და იგივე ადამიანი იჭრებოდა, უფრო დიდი ნაწილი კი ფიქრობდა რომ დანაშაულს სხვადასხვა პიროვნება სჩადიოდა.

საქმის გამოძიება 2001 წელს განახლდა, როცა არქივში შენახული საქმით ახალი თაობის გამომძიებლები დაინტერესდნენ. დანაშაულის სხვადასხვა ადგილზე აღმოჩენილი დნმ ერთმანეთს ემთხვეოდა და რამდენიმე გამომძიებელმა შტატის სხვადასხვა ნაწილში ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და მკვლელობის ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა. ამის მიუხედავად, დამნაშავის პოვნა მაინც ვერ მოხერხდა.

2016 წელს კალიფორნიის პოლიციამ ჯილდოდ 50 ათასი დოლარი დააწესა მათთვის, ვინც „ოქროს შტატის მკვლელზე“ რაიმე სახის ინფორმაციას მიაწვდიდა. პოლიციამ ძებნა გამოაცხადა მამაკაცზე, რომელიც 65-დან 75 წლამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა უშედეგოდ, წელიწადნახევრის შემდეგ კი, სავარაუდო დამნაშავის დნმ-ის საშუალებით, პოლიციამ გენეოლოგიურ მონაცემთა ბაზაში მსგავს დნმ-ს მიაგნო. ასე მოხდა „ღამის სერიული მკვლელის“ იდენტიფიცირება.

72 წლის ყოფილი პოლიციელი და კალიფორნიის სერიული მკვლელი ჯოსეფ დეანჯელო მისსავე სახლში, საკრამენტოში 2018 წლის 25 აპრილს დააპატიმრეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ დეანჯელოს პირველი მკვლელობა ჯერ კიდევ 1975 წელს ჰქონდა ჩადენილი, როდესაც მოზარდ გოგონაზე ძალადობას ცდილობდა. ხმაურზე ოთახში გოგოს მამა შევიდა, რა დროსაც დეანჯელომ იგი მოკლა. მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიცია ვისალიაში მომხდარ მკვლელობას „ოქროს შტატის მკვლელთან“ ვერ აკავშირებდა.

ჯოსეფ დეანჯელოს სასამართლო პროცესი საკრამენტოს სასამართლოში დაიწყო. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, დეანჯელო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.