საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დროებითი დისკვალიფიკაცია მოუხსნა და წევრობა აღუდგინა.
ეს აღიარება იმას ნიშნავს, რომ რუსი სპორტსმენები ისევ მიიღებენ შესაძლებლობას, ოლიმპიადებზე საკუთარი დროშითა და ჰიმნით იასპარეზონ და მათზე ისევ გავრცელდება სპორტული შერჩევის ყველა წესი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დროებითი დისკვალიფიკაცია გასული წლის 5 დეკემბერს მისცეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამუელ შმიდის კომისიის ანგარიში, რომელშიც რუსეთის მხარეს სოჭის ოლიმპიადისას სადოპინგო მანიპულაციებში დასდეს ბრალი. ამის გამო, პიონჩანგის თამაშებზე რუსეთის ნაკრებს ერქვა – „ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან“ და ის ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ ასპარეზობდა. გარდა ამისა, 53 რუსი სპორტსმენი დოპინგწარსულის გამო არ დაუშვეს 2018 წლის ოლიმპიადაზე.
თავდაპირველად გამოცხადდა, რომ რუსეთს დროშას პიონჩანგის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე დაუბრუნებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა ორი დოპინგინციდენტის გამო, რომელიც ქერლინგისტ ალექსანდრ კრუშელნიცკისა და ბობსლეისტ ნადეჟდა სერგეევას უკავშირდებოდათ.