რუსეთმა ზებგერითი სარაკეტო სისტემა „ავანგარდი“ განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სისტემის განთავსების ზუსტი ადგილი სამინისტროს არ დაუსახელებია, თუმცა ცოტა ხნით ადრე რუსული პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ „ავანგარდს“ სავარაუდოდ ურალში, პოლკი ორენბურგის ოლქში განათავსებდნენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განმარტებით, რომ ზებგერითი სარაკეტო სისტემა 27 დეკემბერს, მოსკოვის დროით 10:00 საათზე ამოქმედდება.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობის მქონე ზებგერითი სარაკეტო სისტემა საერთაშორისო მასშტაბით მხოლოდ რუსეთს აქვს.
რუსეთის მიერ ახალი სისტემის განთავსებას ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გამოეხმაურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ ზებგერითი სისტემის პროგრამა მათაც აქვთ, ისევე როგორც ჩინეთს.