რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ეს ქმედება
რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ეს ქმედება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირიდან 19 რუსი დიპლომატის გარიცხვის საპასუხოდ, 18 ევროპელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი ნოტა რუსეთში ევროკავშირის ელჩს, მარკუს ედერერს გადაეცა.

„რუსული მხარე ათწლეულების განმავლობაში შექმნილ ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის არქიტექტურის თანმიმდევრულ ნგრევაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, ევროკავშირმა დაგმო რუსეთის აღნიშნული ქმედება და მას უსაფუძვლო გადაწყვეტილება უწოდა.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირის დელეგაციის 18 წევრის გაძევების შესახებ. ევროკავშირის აღნიშნული დიპლომატები ახორციელებენ თავიანთ ფუნქციებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში, მისი სრული პატივისცემით“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.

სტანოს განცხადებით, რუსეთის აღნიშნული ნაბიჯი კიდევ უფრო გააღრმავებს მის საერთაშორისო იზოლაციას.