რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გაცვლის შედეგად სამშობლოში რუსეთის რვა მოქალაქე დაბრუნდა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გაცვლის შედეგად სამშობლოში რუსეთის რვა მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია „ეფესბეს“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის პირველ აგვისტოს ქალაქ ანკარის აეროპორტში გამართული გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნებულია რუსეთის რვა მოქალაქე, რომლებიც დაკავებული და დაპატიმრებული იყვნენ ნატო-ს რამდენიმე ქვეყანაში, ასევე მათი არასრულწლოვანი შვილები“, – აღნიშნავენ უწყებაში.
გაცვლის შედეგად რუსეთისთვის გადაცემულ პირებს შორის არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
როგორც რუსული მედია წერს, მოსალოდნელი იყო, რომ გაცვლის პროცესში რუსეთს ასევე გადასცემდნენ ალექსანდრ ვინიკს, რომელსაც აშშ-ში ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში ადანაშაულებენ. თუმცა „რია ნოვოსტი“ ვინიკის დედაზე დაყრდნობით წერს, რომ ის გასაცვლელი პირების სიიდან ამოიღეს.