რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რომან პროტასევიჩთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქე ქალი ბელარუსში დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რომან პროტასევიჩთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქე ქალი ბელარუსში დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელარუს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა ბელარუსის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

„ბელარუსის მხარემ დაადასტურა სოფია საპეგას 72 საათით დაკავების ფაქტი, რაც დაკავშირებულია მის მიერ 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან, რომელიც გაწერილია ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლში. სამი დღე-ღამის შემდეგ მის წინააღმდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ან ის გათავისუფლდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბელარუსში დაკავებული საპეგას დედამ განაცხადა, რომ მან უკვე მიმართა დახმარების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციას, რუსეთის საელჩოს ბელარუსში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას.

სოფია საპეგა 23 მაისს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსის მთავრობამ აიძულა „რაინეარის“ თვითმფრინავი, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. სოფია საპეგა ბელარუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მეგობარი ქალია, რომელიც თვითმფრინავში მასთან ერთად იმყოფებოდა.