ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ჟურნალისტი, არხ Nexta-ს ყოფილი ხელმძღვანელი რომან პროტასევიჩი შეიწყალა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ჟურნალისტი, არხ Nexta-ს ყოფილი ხელმძღვანელი რომან პროტასევიჩი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშეკომ შეიწყალა ჟურნალისტი და ბლოგერი, არხ Nexta-ს ყოფილი ხელმძღვანელი რომან პროტასევიჩი, რომლის რეისიც 2021 წელს მინსკში იძულებით დასვეს.

მიმდინარე თვის დასაწყისში მინსკის რაიონულმა სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციური მედიასაშუალების რედაქტორად მუშაობასთან დაკავშირებით მთელი რიგი დარღვევებისთვის. პროტასევიჩს ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობების ორგანიზება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა ან ხელმძღვანელობა, ასევე ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება.

ბელარუსის სახელმწიფო მედიასთან საუბარში პროტასევიჩმა განაცხადა, რომ შეწყალებისთვის ყველა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. მან მადლობა გადაუხადა ალექსანდრ ლუკაშენკოს შეწყალების გადაწყვეტილებისთვის.

28 წლის რომან პროტასევიჩი ონლაინ არხ Nexta-ს ხელმძღვანელობდა 2020 წლის არჩევნებში ლუკაშენკოს გამაჯვებულად გამოცხადების გამო ქვეყანაში დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს.

რომან პროტასევიჩი 2021 წლის მაისში ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ მისი რეისი მინსკში იძულებით დასვა. პროტასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავეს. ჟურნალისტის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსი „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაში დაადანაშაულეს. ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა.

ოპოზიციის მონაცემებით, ბელარუსში 1 500-ზე მეტი პოლიტპატიმარია, მათ შორის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას ქმარი.