რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ევროპაში საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსება დაპირისპირების ესკალაციისკენ პირდაპირი გზაა
ევროპული ახალი სარაკეტო კრიზისი თავიდან უნდა იყოს აცილებული, ვიდრე გვიანი არ არის, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რიაბკოვის თქმით, ევროპაში საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსება დაპირისპირების ესკალაციისკენ პირდაპირი გზაა.
„არ მესმის, რატომ მიჰყვებიან ამ გზას აშშ და მისი მოკავშირეები ევროპაში. ისინი თავიანთ უსაფრთხოებას არ აძლიერებენ. სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს ობიექტები განკუთვნილია სხვა მიმართულებიდან შეზღუდული სარაკეტო საფრთხის დასაბალანსებლად. ამ ობიექტების მახასიათებლები, მათი გეოგრაფიული მდებარეობა და ის, თუ როგორ არიან ისინი ჩართული გლობალურ ამერიკულ ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში, ნიშნავს, რომ ისინი შექმნილი არიან რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების შესაძლებლობების შესამცირებლად. ამას სხვაგვარად ვერ შევაფასებთ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის საზღვრების ახლოს ევროპაში სამხედრო პოტენციალი აქტიურად ფართოვდება. მოსკოვში აცხადებენ, რომ რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც თავდასხმითი კომპლექსი. რუსეთის მთავრობა ითხოვს, რომ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან ახალი შეიარაღების განთავსება არ მოხდეს.