რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის ქერჩის სრუტეში შექმნილ მდგომარეობაზე სატელეფონო საუბარი შედგა
ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი შედგა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის.
ანგელა მერკელი რეგიონში ვითარების დეესაკალციის აუცილებლობას უსვამს ხაზს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
კანცლერი ასევე მოუწოდებს ვლადიმერ პუტინს, გაათავისუფლონ დაკავებული ეკიპაჟის წევრები. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ბერლინი უკრაინის ხელისუფლებაზე იქონიებს გავლენას, რათა შეაკავოს კიევი შემდგომი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან.
საუბრისას მოსკოვმა კიევი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.
ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, დაუზუსტებელი მონაცემებით, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.