რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა საუკეთესოდ ჯიქია აღიარა - ჩვენი მომავალი არა ძიუბა, არამედ ქართველი მცველია
რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ წარმოშობით ქართველი მცველი – გიორგი ჯიქია, ანატოლი ბიშოვეცმა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. კიევის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის და წარსულში რუსეთის ნაკრების მწვრთნელის აზრით, ჯიქია უნივერსალი მცველია.
„საუკეთესოდ გიორგი ჯიქია მიმაჩნია. ის საკმაოდ ხისტი მცველია, მაგრამ არა – უხეში. ამავე დროს, ინტელიგენტი ფეხბურთელია. არა მხოლოდ დაცვითი, არამედ შეტევების დაწყების და განვითარების უნარითაც გამოირჩევა და თავდასხმაშიც ხშირად ერთვება. ასეთ უნივერსალ მცველს, ფაქტობრივად, ვერ ვიხსენებ. შეგვიძლია ამ კუთხით მარიო ფერნანდესზეც ვისაუბროთ, მაგრამ ჯიქია უფრო იმსახურებს მურთაზ ხურცილავასთან და ალბერტ შესტერნიოვთან შედარებას. აქ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ვასახელებ,“ – ციტირებს „არ-სპორტი“ (R-Sport) ბიშოვეცის სიტყვებს.
მისი აზრით, ჯიქიას აქვს პერსპექტივა, რომ არტიომ ძიუბას ნაცვლად რუსეთის ნაკრების ლიდერი გახდეს.
„ძიუბა სატრანსფერო ბაზარზე ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს. მისი მწვერვალი რუსეთში გამართული საშინაო მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც საოცარ ფიზიკურ და ფუნქციურ მდგომარეობაში იყო. ის გასახდელში რუსეთის ნაკრებში ლიდერი და ავტორიტეტია, მაგრამ ჩვენი მომავალი ჯიქიაა,“ – აცხადებს ბიშოვეცი.