ორი ქართველის დაპირისპირება რუსეთის ჩემპიონატში
ორი ქართველის დაპირისპირება რუსეთის ჩემპიონატში

გია გრიგალავამ და მისმა გუნდმა, ტულის „არსენალმა“ სეზონი განაახლეს და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდნენ.

რუსეთის პრემიერლიგა 23-ე ტურის მატჩებით განახლდა. გრიგალავას გუნდმა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი, მოსკოვის „სპარტაკი“ მიიღო – გრიგალავა ტულელთა ვიცე-კაპიტანია, მოსკოველები კი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გიორგი ჯიქიამ გაიყვანა.

ორივე მათგანი მოედანზე იყო და შეუცვლელად ითამაშა. 90+4-ე წუთამდე ყველაფერი მოსკოველთა კარნახით მიმდინარეობდა, რომლებიც 3:0-ს იგებდნენ. მასპინძლებმა ამის შემდეგ ორი გოლი გაიტანეს, მე-8 დამატებულ დროში პენალტიც გააფუჭეს და საბოლოოდ, 2:3 წააგეს.

23 ტურის შემდეგ „არსენალი“ ისევ 28 ქულით დარჩა და მერვე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „სპარტაკმა“ ამ მოგებით 31 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე დაწინაურება შეძლო.