რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა

09:13, 05.08.2026

რუსეთმა ღამით კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ბროვარის რაიონშია, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა.

იერიშის შედეგად სხვადასხვა სასაწყობე შენობებში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ხანძარი დაფიქსირდა ექვს ობიექტზე, რომელთაგან ოთხი ბროვარის რაიონში, ორი კი ბუჩის რაიონში მდებარეობს.

ამასთან, რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული კომბინირებული თავდასხმის შემდეგ, კიევის ყველა რაიონში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე აღინიშნება. სპეციალისტების თქმით, ჰაერის დაბინძურების მიზეზი თავდასხმის შედეგად გაჩენილი მასშტაბური ხანძრებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქზე იერიში მიიტანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამიზნეები იყო „კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სადისტრიბუციო ცენტრები“, რომლებიც, მათი მტკიცებით, გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის შეიარაღებისა და სამხედრო დანიშნულების ტვირთების შესანახად და გადასაზიდად, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და განაწილებისთვის.

მსგავსი