რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება. როგორც რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, განხეთქილება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს.

შესაბამისი განცხადება საგარეო ურთიერთობების საკითხებში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. მან მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს მზაკვრული, ცინიკური და ძალადობრივი უწოდა. ასე შეაფასა ილარიონმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, კიევში საკუთარი წარმომადგენლები გააგზავნოს, რომლებიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხებზე კონსულტაციებს გაუწევენ.

რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა ეს ქმედება საეკლესიო წესების უხეშ დარღვევად შეაფასა. მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, საეკლესიო დიპლომატიის რესურსი უკვე ამოიწურა და რუსეთის საპატრიარქო საპასუხო ნაბიჯებზე ფიქრობს. მისივე განცხადებით, ეს ნაბიჯი მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილებას გამოიწვევს.

შეგახსნებთ, პირველ სექტემბერს სტამბოლში მსოფლიო საპატრიარქოს სინაქსისი გაიხსნა, რომელზე გამოსვლისას მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამის შესახებ მან რუსეთის პატრიარქს კირილს შეხვედრის დროს აცნობა.

 

დატოვე კომენტარი