რუსეთის დელეგაციის წევრი პიოტრ ტოლსტოი - საქართველომ და უკრაინამ გამოიყენეს ჯარი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ეს უხეში დარღვევა შეუმჩნეველი დარჩა
რუსეთის დელეგაციის წევრი პიოტრ ტოლსტოი - საქართველომ და უკრაინამ გამოიყენეს ჯარი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ეს უხეში დარღვევა შეუმჩნეველი დარჩა

საქართველომ და უკრაინამ გამოიყენეს ჯარი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების ეს უხეში დარღვევა შეუმჩნეველი დარჩა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, რუსეთის დელეგაციის წევრმა, პიოტრ ტოლსტოიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებაზე მსჯელობდნენ.

„ბატონი გონჩარენკო ფიქრობს, რომ ის ანა კარენინაა, მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთის დელეგაცია დაბრუნდა ამ დარბაზში გასულ წლის ივნისში. ჩვენი აქ არყოფნის ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის შესახებ მხოლოდ ტყუილს ვისმენდით. ის ახლაც ვრცელდება დღეს აქ სიტყვით გამოსული მრავალი ორატორის მიერ. შეუძლებელია ქვეყნის გაშავება ფაქტების არცოდნით. ვინ უნდა დაისაჯოს აქ? ადამიანები, რომლებიც დღეს ყირიმის ოკუპაციის შესახებ საუბრობენ, არ იციან იქ ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ? არ აცნობიერებენ ისინი, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები არ ეკუთვნიან რუსეთის ფედერაციას? რა თქმა უნდა იციან, თუმცა ისინი უსმენენ ამ სისულელეს და კეთილგანწყობით უქნევენ თავს. ეს სირცხვილია. საქართველომ და უკრაინამ გამოიყენეს ჯარი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების ეს უხეში დარღვევა შეუმჩნეველი დარჩა.

მინდა გითხრათ, აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი დიალოგი თანაბარუფლებიანი იყოს. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი პრობლემები. თუმცა ეს უნდა იყოს დიალოგი, და არა ერთი მხარის მიერ მეორეს დასჯის მცდელობა. რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ რამე სახის სანქციების მიღების შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, კვლავ წავიდეთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ღრმა სისტემურ კრიზისში აღმოჩნდება და ისტორია კვლავ წრეზე გამეორდება“,- განაცხადა ტოლსტოიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

დატოვე კომენტარი