რუმინული მედია „ლოკომოტივის“ მოგებაზე - ეს წარუმატებლობა „შავ ლაქად“ დარჩება კლუბის და რუმინული ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)
რუმინული მედია „ლოკომოტივის“ მოგებაზე - ეს წარუმატებლობა „შავ ლაქად“ დარჩება კლუბის და რუმინული ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაიოვას „უნივერსიტატეას“ თბილისის „ლოკომოტივთან“ მარცხს (1:2) რუმინეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. „გაზეტა სპორტულის“ შეფასებით, ამით გუნდმა ქვეყნის ფეხბურთის იმიჯი შელახა.

ვლადიმერ გუცაევმა ევროთასებზე გამოსვლა შეაფასა – ჩვენს გუნდებს ავტორიტეტები აკლიათ, „ლოკომოტივმა“ კი სასიამოვნოდ გამაოცა

„კრიშტიანო ბერგოდის გუნდის წარუმატებლობა „შავ ლაქად“ დარჩება როგორც კლუბის, ასევე რუმინული ფეხბურთის ისტორიაში. „კრაიოვა“ გამოაგდო თბილისის „ლოკომოტივმა“, რომელიც ნაკლებად წარმატებული გუნდია არა მხოლოდ ევროსარბიელზე, არამედ თავად საქართველოს საშინაო შეჯიბრებებზეც კი. კრაიოვას „უნივერსიტატეას“ მთელი ევროპის კონტინენტმა დასცინა ხუთშაბათს, რადგან ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე დარჩენილი ყველა გუნდიდან, თბილისელებს უეფას საკლუბო რეიტინგში ბოლოდან მეორე კოეფიციენტი გააჩნიათ. ბოლოზე ანდორას გუნდი „ინტერ კლუბ დესკალდესია“. ქართველების კოეფიციენტი 1150-ია, ანდორელების კი – 0,566“ – წერს გამოცემა.

რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბის, „გლორიას“ მთავარი მწვრთნელის, ილია სტანის ვარაუდით, „უნივერსიტატეას“ მარცხი იმის შედეგი იყო, რომ დიდი ხანი მთავარი მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობდა.

საქმე ისაა, რომ კრისტიანო ბერგოდი, კორონავირუსის დიაგნოზის გამო, კარგა ხანი იტალიიდან რუმინეთში ჩასვლას ვერ ახერხებდა. ამის შესახებ ილია სტანმა გამოცემა „გაზეტა სპორტულთან“ ილაპარაკა.

„ეს წაგება კრაიოველებისთვის დამანგრეველი დარტყმა იყო – უპირველესად, გულშემატკივრებისთვის და მეორეც – მფლობელისთვის, ვინც დიდ ინვესტიციას აბანდებს. გუნდისთვის ძალიან რთულია, მწვრთნელის გარეშე მომზადება. ეს იყო დამამცირებელი წაგება და ამ მატჩის გადატანა ძალიან რთული იქნება. კრაიოვას გუნდში დაბანდებული ყველა ინვესტიცია განხორციელდა იმ გათვლით, რომ „უნივერსიტატეა“ ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებდა,“- ამბობს ილიე სტანი.