ვლადიმერ გუცაევმა ევროთასებზე გამოსვლა შეაფასა - ჩვენს გუნდებს ავტორიტეტები აკლიათ, „ლოკომოტივმა“ კი სასიამოვნოდ გამაოცა
ვლადიმერ გუცაევმა ევროთასებზე გამოსვლა შეაფასა - ჩვენს გუნდებს ავტორიტეტები აკლიათ, „ლოკომოტივმა“ კი სასიამოვნოდ გამაოცა

ქართული გუნდების გამოსვლა ევროტურნირების პირველ ეტაპზე – ამ და სხვა საინტერესო თემებზე  გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანსა და საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო ექსპერტ ვლადიმერ გუცაევს ინტერვიუ ჩამოვართვით.

ევროთასების პირველ ეტაპზე ოთხიდან სამმა ქართულმა გუნდმა წააგო. დავიწყოთ თბილისის „დინამოთი“. – როგორ შეაფასებდით კლუბის გამოსვლას?

გულდასაწყვეტია, მაგრამ „დინამომ“ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ქაოსურად ითამაშა. სამწუხაროდ, გუნდმა ვერ აჩვენა ის კომბინაციური და გააზრებული ფეხბურთი, რასაც საქართველოს ჩემპიონატში ვხედავდით. ასევე სამწუხაროდ, გუნდში არც ლიდერი აღმოჩნდა, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშს დაალაგებდა. გუნდიდან კაპიტანი და რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე წავიდა და როგორც ჩანს, ეს დანაკლისი ვერ შეავსეს. „დინამოს“ ახალი სისხლი სჭირდება.

„დინამო“ – „ტირანა“

ბათუმის „დინამოს“ გამოსვლა მოულოდნელი არ იყო?

ბათუმის „დინამოს“ ასეთი წაგება ძალიან დასანანი იყო. მაგრამ მეორეს მხრივ დაკვირვებული ვარ – ეს გუნდი სულ სხვაა სახლში, გასვლაზე კი უფრო ცუდად თამაშობს. სამწუხაროდ, ახლაც ასე გამოჩნდა. მართალია, ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა. მაგრამ 0:3 წაგება მეტყველებს, რომ ევროპის ლიგისთვის გუნდი მზად არ იყო.

„ჰაპოელი“ – ბათუმის „დინამო“

ყველზე დიდი მოულოდნელობა „საბურთალოს“ გამოსვლა იყო. გუნდს ასე უბრძოლველად შარშანაც არ წაუგია.

ძალიან გამიკვირდა და გული დამწყდა, რომ 5:1 წააგო. კვიპროსში მიმუშავია, ვიცი იქაური ფეხბურთის ახლანდელი დონე და შესაძლებლობები. ამ ქვეყნის გუნდები ბოლო წლებში ჩემპიონთა და ვეროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირებზეც გასულან, ხარისხიანი ლეგიონერები ჩაჰყავთ და ასე ძლიერდებიან. მაგრამ ასეთი ანგარიშით მაინც არ უნდა წაეგოთ. სამწუხაროა, რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ „საბურთალომ“ აშკარად მოუკლო, რაც საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატშიც გამოჩნდა. გუნდი ძველებურად დამაჯერებელი არაა.

„აპოლონი“ – „საბურთალო“

მგონი ყველაზე ძლიერ მეტოქეს „ლოკომოტივი“ შეხვდა. თუმცა, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა. 

„ლოკომოტივმა“ სხვებისგან განსხვავებით ბევრი დადებითი მხარე გამოაჩინა, რამაც ძალიან გამახარა – სისწრაფეები, სათამაშო სტრატეგია და აზრიანი ჩანაფიქრი, კარგად ორგანიზებული კონტრშეტევები, რაც „უნივერსიტატეასთვის“ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა, „ლოკომოტივმა“ კი დამსახურებულად აჯობა. მისი თამაში ჩემთვის სასიამოვნო სანახავი გამოდგა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, როდესაც „ლოკომოტივმა“ სისწრაფეები ჩართო. ანუ შესაძლებელი ყოფილა, გუნდის კარგად მომზადება. ეს ჩვენი გუნდების გამოსვლის ფონზე სასიამოვნო ამბავი იყო. სხვათა შორის, რამდენიმე ფეხბურთელი განსაკუთრებით მომეწონა – თორნიკე კირკიტაძე, დავით სამურკასოვი და მაროკოელი ლეგიონერი ულად ომარი.

ეს ისეთი ლეგიონერია, რომლის ჩამოყვანაც ნამდვილად ღირდა. მაგრამ ლეგიონერების თემა ცალკე გამოსაყოფია – ჩვენი გუნდების უცხოელების უმრავლესობამ კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და მიმაჩნია, რომ უცხოელებზე გუნდმა გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს.

რატომ?

მერე გუნდები უფრო დაფიქრდებიან, უღირთ თუ არა უცხოელის ჩამოყვანა და ფულს რომ გადაიხდიან, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან და საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშებს კი არავინ დაიმატებს.

„ლოკომოტივი“ – „კრაიოვა“

ზოგადად, ევროთასებზე ჩვენი გუნდების ნაჩვენებმა საერთო დონემ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

ბოლო წლებში, გუნდების უმრავლესობა პირველივე ეტაპიდან ვარდება. იმედია, „ლოკომოტივი“ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს, „დინამომ“ კი მწვრთნელი შეიცვალა და ვუსურვებ, რომ შემდეგი მატჩისთვის მომზადება მოასწროს. მაგრამ საერთო შთაბეჭდილება არასასიამოვნოა. სამწუხაროა, მაგრამ არ მიკვირს, რომ ხალხი ჩვენი ჩემპიონატის თამაშებს არ წყალობს. მე, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები, ჟურნალისტები იმიტომ დავდივართ, რომ ეს ჩვენი სფეროა, გვიყვარს და მომავლის იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. მაგრამ ხალხის მასას ხარისხიანი ფეხბურთისა და შემსრულებლების ნახვა სურთ, რასაც ვერ ხედავენ. სანამ საკლუბო ფეხბურთში კერძო ბიზნესი სერიოზულად არ ჩაერევა, მანამდე არაფერი გამოვა.

ამაზე თქვენ ადრეც გისაუბრიათ. ეს კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ?

ამის მაგალითი კვიპროსის კლუბებია. საკუთარი რესურსი არ აქვთ და ძლიერ ნაკრებსაც ვერ აყალიბებენ. მაგრამ კლუბებთან ბიზნესმენების კომიტეტები მუშაობს, სადაც მდიდარი ხალხია შეკრებილი და გუნდებს ფინანსურად ეხმარებიან. სამწუხაროდ, საქართველოში ეს მექანიზმი ვერ ვიპოვეთ.

„ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი და მახსოვს, საკლუბო ფეხბურთის განვითარებას როგორც იწყებდნენ. ეს ხომ კვიპროსელი ლტოლვილების გუნდია. ფამაგუსტადან წამოსული ბიზნესმენები შეიკრიბნენ და ყოველ წელს გუნდს თანხით ეხმარებიან, საკუთარი ქალაქის გუნდის წარმატებებით რომ გაიხარონ. აფხაზეთიდან რამდენი გუნდი გამოდის ჩვენი ჩემპიონატის დაბალ ლიგებში. ყველგან რაღაც თანხა იხარჯება. ვისთანაც საჭირო იყო ვთქვი, ერთად იყავით, დაბალი ლიგის რამდენიმე გუნდის შენახვას ერთი და ძლიერი გუნდი აჯობებს, რომელიც ევროთასებზე გამოვა-მეთქი. სამწუხაროდ, არავინ მომისმინა. არადა, ჩვენს ფეხბურთს ასეთი გუნდი უფრო სჭირდება.

თქვენ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ხშირად ამახვილებდით ყურადღებას – რომ ქართულ კლუბებს ავტორიტეტული ვეტერანები აკლიათ.

ამას რომ ვამბობ, ბევრს არ ესმის, რას ვგულისხმობ. მიუნხენის „ბაიერნი“ მსოფლიოში ყველაზე სტაბილური გუნდია, „რეალსა“ და „ბარსელონაზე“ სტაბილურიც კი და სულ მსოფლიო საფეხბურთო ელიტაშია. საინტერესო არაა, ამას რის ხარჯზე აღწევენ? გუნდის ხელმძღვანელობაში მუდმივად არიან ლეგენდები, რუმინიგე, ჰიონესი, მიულერი, მეკარე მაიერი ბავშვებს ავარჯიშებს, იქ ვიღაც კიდევ სელექციაშია. ასეთი ავტორიტეტული ხალხი უფრო მოახერხებს სასურველი მწვრთნელის და მოთამაშის შერჩევას და დამატებას თუ მცოდნე იურისტი, რომელიც ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევა? ეს დააახლოებით იგივეა, ფეხბურთელებს ფიზიკის ინსტიტუტის მართვა რომ ჩააბარო, ან მე და რეზო ჩელებაძემ მენისკის ოპერაცია რომ გავაკეთოთ, რადგან მენისკის არსებობა გაგვიგია.

ფეხბურთს შიგნიდან ცოდნა სჭირდება და ხშირად მარტო ეს ცოდნაც ვერ შველის. ამიტომაა აუცილებელი ავტორიტეტული ადამიანი, რომელიც გუნდს მართავს, სასურველ ტრანსფერებს განახორციელებს, მწვრთნელს დაითანხმებს და სპონსორებსაც უფრო ადვილად მოიზიდავს, ვიდრე ნიჭიერი მარკეტოლოგი. ჩვენს გუნდებს კი ასეთი ხალხი აკლია. ეს არაა პატარა საქმე. აბა საშა ჩივაძე უფრო არ შეარჩევს სასურველ მწვრთნელს და ფეხბურთელს? ან იგივე უეფას დელეგატი რომ მატჩზე დაინახავს, უფრო მორიდებით არ მოიქცევა? ეს ბევრ დეტალს უკავშირდება და „ბაიერნში“ ეს რომ იციან, ამიტომაც არის მისაბაძი კლუბი.