რუმინეთის პრემიერი აცხადებს, რომ ისრაელში რუმინეთის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა
რუმინეთის პრემიერი აცხადებს, რომ ისრაელში რუმინეთის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა

რუმინეთი ისრაელში თავისი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილემ ვაშინგტონში, ამერიკა-ისრაელის კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც რუმინეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გადავიტანთ საელჩოს იერუსალიმში. ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოსადმი და ებრაული სათვისტომოსადმი მტკიცეა. მზად ვარ ხელი შევუწყო, რომ ისრაელსა და მთელ ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდეს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა“, – განაცხადა დენჩილემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გასული წლის მაისში გადაიტანა.