მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ბაიერნის“ მეკარის, მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდის კარის დარაჯი მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია.
„ნოიერი ახლა 34 წლის არის და რაც დრო გადის, უფრო კარგი ხდება, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bundesliga.com. – ის წითელ ღვინოს ჰგავს, რომელიც დროსთან ერთად უმჯობესდება.
ნოიერს შეუძლია, რომ ყველა ბურთის ტრაექტორია გამოიცნოს, ჩვენ ეს ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კიდევ ერთხელ დავინახეთ. ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ნოიერი ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერია. ჩვენ ყოველთვის დიდებული მეკარეები გვყავდა, მაგრამ ნოიერმა თამაში სხვა სიმაღლეზე აიყვანა“, – მიაჩნია კარლ-ჰაინც რუმენიგეს.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.