რონალდუს კიდევ ერთი რეკორდი, ინგლისის ტრიუმფი - ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მთავარი ამბები
რონალდუს კიდევ ერთი რეკორდი, ინგლისის ტრიუმფი - ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მთავარი ამბები

1. ცნობილია პლეი ოფის ყველა მონაწილე

პლეი ოფის პირველ რაუნდში ითამაშებენ ჯგუფების გამარჯვებულები – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “რომა”, “ბარსელონა”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “ბეშიქთაში”, “ტოტენჰემი”. წილისყრისას მათი მეტოქეები იქნებიან ჯგუფების მეორეადგილოსნები – “ბაზელი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “იუვენტუსი”, “სევილია”, “შახტარი”, “პორტუ”, “რეალი”.

2. კრიშიტიანუ რონალდუს ახალი რეკორდი

ჩემპიონთა ლიგაში პირველად მოხდა, როცა ჯგუფურ ეტაპზე ერთმა ფეხბურთელმა ექვსივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. პირველმა ეს გააკეთა კრიშტიანუ რონალდუმ – მან „დორტმუნდის“ კარში შესანიშნავი მოჭრილი დარტყმა შეასრულა და ჯგუფური ტურნირი ცხრა გოლით დაასრულა. შედარებისთვის, პრიმერადივიზიონის 10 მატჩში პორტუგალიელს მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი.

3. ყველაზე შედეგიანი ჯგუფური ტურნირი ისტორიაში

წელს ჯგუფურ ეტაპზე 306 გოლი გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. საშუალოდ მატჩში 3.19 გოლი გადიოდა. ყველაზე მეტს იტანდნენ – “პარი სენ-ჟერმენი” (25) და “ლივერპული” (23). ეს ორი საუკეთესო მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. შემდეგ მოდიან: “დორტმუნდი” (21 გოლი 2016-17 წლების სეზონში) და “მანჩესტერ იუნაიტედი” (20, 1998-99).

4. პირველად ისტორიაში, პლეი ოფში ერთი ქვეყნის ხუთი გუნდი გავიდა

ინგლისის პრემიერლიგა, როგორც იქნა, ღირსეულად გამოვიდა ჩემპიონთა ლიგაზე. ჯერ ერთი, ხუთივე გუნდი გავიდა პლეი ოფში, რაც არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ოთხმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული”) და მხოლოდ “ჩელსი” გავიდა მეორეზე. ინგლისს ოთხი პირველი ადგილი ზუსტად 11 წელია არ ჰქონია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: “ტოტენჰემმა” გაიმეორა ინგლისის რეკორდი დაგროვილი ქულების მიხედვით – 16. ამდენივე ჰქონდა 2005-06 წლების “არსენალს” (იმ სეზონში ფინალამდე მივიდა) და 2007-08 წლების “მანჩესტერ იუნაიტედს” (მოიგო ლიგა).

5. “დორტმუნდმა” მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, მაგრამ ჯგუფიდან გავიდა

“დორტმუნდი” პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც ორი ქულით შეძლო ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე გადასვლა. გერმანული გუნდი უკვე რვა ოფიციალური მატჩია, ვერ იგებს და ეს არის ყველაზე ცუდი სერია 2009 წლის შემდეგ.