რონალდომ სამხრეთ კორეასთან მატჩამდე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა #1TVSPORT
რონალდომ სამხრეთ კორეასთან მატჩამდე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სამხრეთ კორეასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩის წინა დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს.

37 წლის თავდამსხმელი ეროვნული ნაკრების საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდა, თუმცა დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ, A Bola-ს ცნობით, ეს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული არაა.

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა, როდესაც მეორე ტურში ურუგვაის ნაკრები (2:0) დაამარცხა. პირველ მატჩში ფერნანდო სანტოშის გაწვრთნილებმა განას აჯობეს (3:2).

პორტუგალია ექვსი ქულით H ჯგუფში ლიდერობს. შემდეგი სამი ქულით განაა, მას მოსდევენ ურუგვაი და სამხრეთ კორეა (თითო-თითო ქულით).

რონალდომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი გოლი გაიტანა – მან თავი განას ნაკრებთან პენალტით გამოიჩინა.