რონალდო – „ჟოგა ბონიტა“ წარსულში დარჩა, ახლა ესპანეთის ნაკრების სტილია საუკეთესო #1TVSPORT

18:09, 22.07.2026

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ ესპანური საფეხბურთო სტილი მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

„ეს იყო ისტორიული დღე როგორც შედეგის, ასევე თამაშის მხრივ, რადგან ესპანეთი დომინირებდა დასაწყისიდან ბოლომდე. სწორედ ასეთი მოლოდინი მქონდა. ესპანეთს მხოლოდ გოლები არ ეყო – მან ვერ მოიგო იმ სხვაობით, როგორსაც ველოდი და როგორც იმსახურებდა, მაგრამ მისი უპირატესობა აბსოლუტური იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში.

ეს იყო განადგურება. კლასში სხვაობა ესპანეთსა და არგენტინას შორის ძალიან დიდია. მესისთან ერთადაც კი ვერ შეედრებოდნენ ესპანეთს. არგენტინამ ვერ გამოავლინა ის თავდადება, რომელიც მისი მთავარი კოზირი იყო მთელი ტურნირის განმავლობაში.

ნიჭიერმა ფეხბურთელმა შეიძლება მოიგოს ერთი მატჩი, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, საჭიროა გუნდური ძალა – ისეთი, როგორიც ესპანეთს აქვს. გუნდური თამაში, სადაც ყველა მნიშვნელოვანია“.

ბრაზილიელ ლეგენდას მიაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი როდრი „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარ კანდიდატია:

„ის „ოქროს ბურთის“ მოპოვებაზე ძირითადი კანდიდატია. ამ ჩემპიონატზე როდრი ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე იყო, ამას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში. მას სავსებით შეუძლია მისი მეორედ მოგება“.

რონალდომ არგენტინის ნაკრების გამოსვლაზეც ილაპარაკა:

„ისინი არასოდეს უჩვენებდნენ კარგ ფეხბურთს – ფონს გადიოდნენ მხოლოდ ხასიათით და თავდადებით, მაგრამ ლამაზი თამაში არ ყოფილა. ესპანეთს კი აქვს საკუთარი დნმ, ლამაზი ფეხბურთი. ბრაზილიური „ჟოგა ბონიტა“ წარსულში დარჩა და ახლა სწორედ ესპანეთის ნაკრების სტილია საუკეთესო“.

მსგავსი