რომის პაპი - ჩვენ უნდა ვუთხრათ დიახ მშვიდობას და არა ომს, რადგან ყოველი ომი აღნიშნავს დამარცხებას გამარჯვებულების გარეშე, უპატიებელ სისულელეს
რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს ტრადიციული ქადაგებით – „ურბი ეთ ორბი“ (ქალაქსა და მსოფლიოს) მიმართა. პონტიფიკოსმა ვრცლად ისაუბრა ქრისტესმიერ სიყვარულსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე.
„მესიის დაბადება უდიდეს იმედს გვაძლევს, ვინაიდან უფალი ჩვენთვის დაიბადა და ჩვენში დაისადგურა. მისი დაბადება ავლენს ღვთის სიყვარულს და იესო გვაძლევს ძალას, გავხდეთ ღვთის შვილები. ეს არის სიხარული, რომელიც ანუგეშებს გულს, გვიახლებს იმედს და გვანიჭებს სიმშვიდეს. მიუხედავად ჩრდილისა, რომელიც დღეს ბეთლემს მოიცავს, აინთო უკვდავი ალი, რადგან ღვთის სინათლემ ძლია სიბნელეს. ჩვენ უნდა ვუთხრათ დიახ მშვიდობას და არა – ომს, რადგან ყოველი ომი აღნიშნავს დამარცხებას გამარჯვებულების გარეშე, უპატიებელ სისულელეს“, – აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.
ამასთან, პაპმა მსოფლიოს მოუწოდა შეიარაღებაზე უარის თქმისკენ, რადგან ადამიანური სისუსტის გამო, ადრე თუ გვიან შეიძლება, ის ომისთვის იქნას გამოყენებული.
„მშვიდობა კიდევ უფრო მეტად რთულდება, როდესაც იარაღის წარმოება, გაყიდვები და ვაჭრობა იზრდება, სახელმწიფო სახსრები კი, მშიერთა დაპურების ნაცვლად, იარაღზე იხარჯება“, – აღნიშნა პონტიფიკოსმა.
რომის პაპის თქმით, ლოცულობს, რომ ერთ დღესაც, ღვთის შეწევნით, ერთმა ერმა იარაღი აღარ ასწიოს მეორის წინააღმდეგ. პონტიფიკოსის განცხადებით, ასევე ლოცულობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის ომის დასრულებისთვის. რომის პაპმა მოუწოდა სამხედრო ოპერაციის დასრულებისკენ, რომელსაც, მისი თქმით, უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანები ეწირებიან და ასევე მოუწოდა ღაზაში მწვავე ჰუმანიტარული ვითარების მოგვარებისკენ, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობის შექმნით.
„გული გლოვობს 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა გამო“, – აღნიშნა პაპმა.
პონტიფიკოსმა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
პაპმა ქადაგებაში მშვიდობა უსურვა სირიას, იემენს, ლიბანსა და უკრაინას. მოიხსენია სომხეთი და აზერბაიჯანი და ორ ქვეყანას მშვიდობის საბოლოოდ დამკვიდრება უსურვა.