რომან კაკულია - ნამდვილად მაქვს იმედი, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით იქნება სამართლიანი
რომან კაკულია - ნამდვილად მაქვს იმედი, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით იქნება სამართლიანი

ნამდვილად მაქვს იმედი, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით იქნება სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ 11-ჯერ მოხდა დავალიანების გადავადება, როგორც ისინი ამბობენ, ეს თავისთავად უსვამს ხაზს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საინტერესოა, მეორე მხარე რა არგუმენტებით საუბრობს ამასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მათაც აქვთ გარკვეული არგუმენტები, მაგრამ ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რამდენად მყარი იყო არგუმენტები, რის გამოც „ომეგა“ არ იხდიდა, მიუხედავად იმისა, რომ 11-ჯერ გადავადდა დავალიანება. არც კი მეგულება სხვა შემთხვევა, რომ ამდენჯერ მომხდარიყო გადავადება. ცხადია, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. თუ არ გადახდის, არგუმენტი მყარი უნდა იყოს, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება პარტიის შესაძლო დატოვების საკითხს, რომან კაკულია აცხადებს, რომ მოხდა გარკვეული ინტერპრეტაცია.

„მე უბრალოდ ვთქვი, რომ თუ ეს დადასტურდება იმ მინისტრების მხრიდან, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მივიღებ სერიოზულ აცდენას იმ ღირებულებებთან, რითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ და მაშინ დავინახავ სერიოზულ აცდენას ჩვენს ღირებულებებს შორის. ამას თავადაც დაინახავენ.

ნამდვილად მაქვს იმედი, რომ გამოძიება იქნება სამართლიანი, ნამდვილად არის ამის ტენდენციაც და პოლიტიკური ნებაც, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი იყოს გამოძიებული“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს განცხადებას გაავრცელა. უწყების ცნობით, „ომეგა ჯგუფში“  არსებული დავალიანების ამოსაღებად ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია.