რომან კაკულია აცხადებს, რომ „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია 
რომან კაკულია აცხადებს, რომ „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს უშუალო კავშირში არ არის „ქართულ ოცნებასთან“, ეს ხდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„ჩანაწერები ნამდვილად არის შემაშფოთებელი. ვერ გეტყვით, რომ გულგრილად შეიძლება ამის მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი არ არის უშუალოდ კავშირში „ქართულ ოცნებასთან“, ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც „ქართული ოცნება“ არის მმართველი გუნდი. ჩემი აზრით, ჩვენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირს ამ თემასთან ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვენი ვალდებულებაა, პასუხი გაეცეს საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა კითხვას”, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების მიუხედავად, სამწუხაროდ ვერ შეიქმნა სასამართლო გადაწყვეტილებების ის ხარისხი, როდესაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდად დაელოდო.

„სამწუხაროდ, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებისა, ჩვენ ვერ შევქმენით დღემდე სასამართლო გადაწყვეტილებათა ის ხარისხი, როდესაც შეგვიძლია მშვიდად დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს ტრაფარეტული ფრაზა იყოს აბსოლუტური ჭეშმარიტების გამომხატველი. სხვა არჩევანიც არ გვაქვს. იმედია, აბსოლუტურად ჯანსაღად წარიმართება გამოძიებაც, სასამართლომდეც უნდა მივიდეს და საზოგადოებას კითხვები არ დარჩება ამ ნამდვილად შემაშფოთებელი ტექსტებისგან, რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ. ნამდვილად არ მინდა, ვიყო გუნდის წევრი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ასეთი ტიპის საქმიანობებთან. ეს ყველაფერი თუ გამოაშკარავდება და გახდება რეალობა, მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებასაც”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რა ღირებულებებით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს.