რომან კაკულია - პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ზუსტად პასუხობს „ქართული ოცნების“ წინაშე არსებულ გამოწვევებს
რომან კაკულია - პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ზუსტად პასუხობს „ქართული ოცნების“ წინაშე არსებულ გამოწვევებს

პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ წინაშე, – ამის შესახებ დეპუტატმა, რომან კაკულიამ განაცხადა, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.

მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მთავრობასთან და ახლებური გააზრება, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა.

„ჩემი აზრით, მინისტრების წარმოჩენა პოლიტსაბჭოში სწორედ ამას ემსახურება, რასაც ვემხრობი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ბევრი კომიტეტის თავმჯდომარე იყო წარმოდგენილი პოლიტსაბჭოში. ჩვენ სწორედ პარლამენტის გაძლიერების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ვკონცენტრირდეთ საპარლამენტო საქმიანობაზე. რაც შეეხება ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საბჭოში, ცხადია, ისინი უნდა იყვნენ გამტარებლები იმ გადაწყვეტილებების, პარტიული ვერტიკალის და პარტიული საქმიანობის იმ ძირითადი გადაწყვეტილებების, რომლებიც პოლიტსაბჭოზე მიიღება“, – განაცხადა კაკულიამ.

დეპუტატი მთლიანობაში პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოში არსებული გამოწვევები აისახა.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება, მათ შორისაა რომან კაკულიაც.

ახალ პოლიტსაბჭოს 11 მაისს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. ასევე, ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.