რომან კაკულია - კორექტული ფორმით ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზიის გამოხატვა, მაგრამ ბავშვებისა და მეუღლის თანდასწრებით ამას უკანასკნელი მორალის ადამიანებიც არ კადრულობენ
რომან კაკულია - კორექტული ფორმით ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზიის გამოხატვა, მაგრამ ბავშვებისა და მეუღლის თანდასწრებით ამას უკანასკნელი მორალის ადამიანებიც არ კადრულობენ

იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა და ასეთი რამ აღარ განმეორდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რომან კაკულიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტს გამართლება არ აქვს.

„მგონი, შეფასებებში ყველა ერთნაირი იქნება. ყველაზე დაბალი მორალის ადამიანებსაც კი აქვთ ხოლმე ასეთი ტიპის თავშეკავება, როცა საქმე ოჯახის წევრებს, ბავშვებსა და მეუღლეს ეხება. აქ საუბარიც კი არ არის რამე ტიპის გამართლებაზეც იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეს ჩაიდინა. იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა და ასეთი რამ აღარ განმეორდება. ყველა ადამიანის მიმართ შეიძლება, გამოიხატოს კორექტული ფორმით ნებისმიერი ტიპის პრეტენზია, მაგრამ ბავშვებთან და მეუღლესთან ამის გაკეთებას უკანასკნელი მორალის ადამიანებიც კი არ კადრულობენ“, – განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, იცნობს თუ არა პირს, რომელიც ოხანაშვილის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით არის დაკავებული, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, წინა წლებში ის „ქართული ოცნების“ წევრი იყო, კაკულია ამბობს, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ეს ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული პირი დააკავეს. ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ამასთან, ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ვახტანგ რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.