რომან კაკულია - დავუჭერ თუ არა მხარს უმრავლესობის კანონპროექტს, ამაზე კენჭისყრის შემდეგ ვიმსჯელოთ, განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არის
რომან კაკულია - დავუჭერ თუ არა მხარს უმრავლესობის კანონპროექტს, ამაზე კენჭისყრის შემდეგ ვიმსჯელოთ, განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არის

დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის წარდგენილ კანონპროექტზე იმსჯელეს.

როგორც კაკულია აცხადებს, საკითხთან გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, კაკულია საკუთარ პოზიციას არ აკონკრეტებს.

„კანონპროექტზე მხარის დაჭერა დადასტურდება, როდესაც ვიქნებით სხდომათა დარბაზში. დღეს ვიმსჯელეთ ამ თემაზე, განვიხილეთ ყველა დადებითი არგუმენტი, რაც არსებობს და ზოგადად, პოზიციები იყო შეჯერებული.

დავუჭერ თუ არა მხარს, ამაზე ვიმსჯელოთ კენჭისყრის შემდეგ. რა თქმა უნდა განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არის.

გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რა არის ძირითადი მოტივაცია ამ კანონთან დაკავშირებით. რა ძირითადი მოტივაციები არის ალტერნატიულ კანონპროექტის. ამ თემებზე იყო საუბარი და ხვალ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებში გამოჩნდება ეს ყველაფერი“,- განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, მისივე თმით, დღევანდელი შეხვედრაზე ძირითადად მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.