რომან კაკულია - ანაკლიის პროექტზე დაგეგმილ დისკუსიას შევუერთდებოდი, შეხვედრისგან ახალს რომ ველოდებოდე 
რომან კაკულია - ანაკლიის პროექტზე დაგეგმილ დისკუსიას შევუერთდებოდი, შეხვედრისგან ახალს რომ ველოდებოდე 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, მხარეებს შორის დაგეგმილ მოსმენას სიამოვნებით შევუერთდებოდი, შეხვედრისგან ახალს რომ ველოდებოდე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე შეხვედრის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„კონსორციუმის მხრიდან გაჟღერებული ყველა ბრალდება ვიცი ისევე, როგორც ამაზე ხელისუფლების პასუხი. როცა ვადა დასრულებისკენ მივა, მაინტერესებს, რას ვაპირებთ და როგორი ხედვა იქნება. ჩემთვის საინტერესოა, შემდეგ ეტაპზე რა იქნება. ამ შეხვედრისგან ახალის გაგებას არ ველოდები და ინიციატივას ამ მოტივით არ შევუერთდები. მინისტრმა ასეთი სახის შეთავაზებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, თუ მას რაიმე ახალის შეთავაზება შეუძლია, არა მხოლოდ მათთვის, ვინც მიიწვია, არამედ საზოგადოებისთვისაც. ბევრი კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა სავალდებულო იქნება. შეხვედრის გამართვის დრო უფრო მეტად წლის ბოლოსთვის დადგება. ჩემი ინტერესი მიმართულია სწორედ იმ პერიოდისთვის, როცა შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა მოხდება, მაშინ ყველა მხარე იძულებული იქნება, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს საკითხს და კითხვებს პასუხი გასცეს. ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ”, – განაცხადა კაკულიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, მხარეებს პარლამენტში შეხვედრას და საკითხზე დისკუსიის გამართვას სთავაზობენ.

შესაბამისი მიმართვა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მოამზადეს, რომელიც მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს უკვე გაეგზავნა.