რომან გოცირიძე - ყოჩაღ ჩვენ, თუ მართლა 32 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაიცავს ხმებს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებს არ გააყალბებინებს
რომან გოცირიძე - ყოჩაღ ჩვენ, თუ მართლა 32 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაიცავს ხმებს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებს არ გააყალბებინებს

„ქართული ოცნებისთვის“ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე, კონგრესი და ევროპარლამენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული. ყოჩაღ ჩვენ, თუ მართლა 32 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომელიც ხმებს დაიცავს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებს არ გააყალბებინებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

ამით გოცირიძე გამოეხმაურა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ სქემას, რომელიც ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა წარუდგინა.

გოცირიძე აცხადებს, რომ არ იცის, რომელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებს ვერ დააკვირდება, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების ზედამხედველობა გაათმაგებული უნდა იყოს.

„თურმე, ყველა დამკვირვებელი, რომელიც არჩევნებზე იქნება, რაღაც ფორმით ჩვენთან ყოფილა აფილირებული. გამოთქმაა – ასი თვალი და ასი ყური უნდა გქონდესო. ასი თვალი და ათასი ყური უნდა გქონდეს, რომ ხელისუფლების გაყალბების მექანიზმები აკრძალო. საერთაშორისო დამკვირვებლების მცირე რაოდენობა იქნება და ამიტომ გაათმაგებული უნდა იყოს საარჩევნო პროცესზე ზედამხედველობა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები არ გააყალბოს და ის მანიპულაციები არ გამოიყენოს, რასაც მანამდე იყენებდა. თუ მაინც გაბედავენ, ქუჩაში კრიმინალებს დაგვისვამენ და საარჩევნო ოლქებზე ზეწოლას დაიწყებენ, ძალიან მწარე შედეგს მიიღებენ. არჩევნების გაყალბებას არავინ აპატიებთ”, – აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატის განცხადებით, მმართველ გუნდს ძალიან გაუხარდა, რომ პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ვერ ჩამოდიან. თუმცა მისივე თქმით, ბევრი ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს და მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემენ.

„ამიტომ წუხან და დარდებში არიან. ჩაცუცქულ კრიმინალებს ვნახავთ, რომლებიც მეზობლებსა და მეგობრებს თვალთვალს დაუწყებენ და მათზე ფარულად ზეწოლას განახორციელებენ. ამ ხალხს კინწისკვრით გავაგდებთ, რადგან კრიმინალთან შერწყმამ რა მოგვიტანა, ამას ვხედავთ – ადამიანების და ბანკების ძარცვა. ტერორისტის მიერ მძევლების აყვანამდე მივედით. ერთ ადამიანს მთელი სახელმწიფო დასდევს და ქვეყანა დასაცინი გახდა”, – განაცხადა გოცირიძემ.