რომან გოცირიძე - ვინ მიიღებს შიმშილობის აქციაში მონაწილეობას, სულ მალე გაიგებთ, დაინახავთ, თავადაც გაკვირვებული ვარ, იმდენად ბევრი მსურველი აღმოჩნდა
რომან გოცირიძე - ვინ მიიღებს შიმშილობის აქციაში მონაწილეობას, სულ მალე გაიგებთ, დაინახავთ, თავადაც გაკვირვებული ვარ, იმდენად ბევრი მსურველი აღმოჩნდა

თავადაც გაკვირვებული ვარ, რომ დაგეგმილი იყო მოშიმშილეთათვის რამდენიმე კარვის დადგმა, მოვედი და ბევრი მსურველი აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიის ოფისში განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პროტესტის უკიდურესი ფორმის გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მისი თქმით, მმართველ პარტიას მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის.

გოცირიძის განცხადებით, შიმშილობის აქციის მიზანია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რომელიც უნდა დამთავრდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით.

„რატომ პოლიტიკური პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა? – იმიტომ, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, იმ წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, იოტისოდენა დათმობაზე წამოსულიყო დიალოგის და ცივილიზებული პოლიტიკური წესის მეშვეობით. თუკი რაიმეს თმობდა, მაგალითად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, 120/30 საარჩევნო სისტემის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებების სახით, ერთწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ იყო და ძლივს გამოვტაცეთ ეს დათმობა, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა და არა კონკრეტულ პარტიას. არაფერს არ თმობენ, არც ერთ სასიკეთო ნაბიჯს არ დგამენ თუ არაა ზეწოლა – საგარეო და საშინაო. მხოლოდ ეს ენა ესმით მათ. უკვე იმ ზომამდე მივიდა პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, აქ რა პროცესებიც მიდის, სასამართლოებში დაატარებენ პოლიტიკურ ლიდერებს და მედიის წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და ა.შ., სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ამ აქციის, ამ მძაფრი საპროტესტო აქციის მიზანია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რასაც მხარს უჭერს პრეზიდენტიც, რომელმაც ძალიან კარგად გაიგო ის უმძიმესი ვითარება, რომელშიაც სახელმწიფო იმყოფება და რა თქმა უნდა, ეს უნდა დამთავრდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით. დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეშია. დღეს მიდის საუბარი ადამიანი სიცოცხლის გადარჩენაზე და ისეთი ფორმის გამოყენებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ნორმალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას.

ვინ მიიღებს ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, სულ მალე გაიგებთ. დაინახავთ, შიმშილობას ვინ დაიწყებს და შემდგომ, ვინ შეურთდება მას. მე თავადაც გაკვირვებული ვარ, რომ დაგეგმილი იყო რამდენიმე კარვის დადგმა, მოვედი და იმდენად ბევრია, ბევრი მსურველი აღმოჩნდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, თუ ვისი ინიციატივით დაიგეგმა შიმშილობის აქცია და არის თუ არა, აღნიშნული პროტესტის ფორმა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო პარტიის ლიდერების გადაწყვეტილება და თავად მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე ბოლოს გაიგო ამ გადაწყვეტილების შესახებ.

„რა თქმა უნდა, ეს იყო პარტიის ლიდერების გადაწყვეტილება და აბსურდია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა პარტიას შიმშილობა და ა.შ. მიხელ სააკაშვილმა ეს ყველაზე ბოლოს გაიგო“, – განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება კითხვას, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომას, გოცირიძის თქმით, „ჯანმრთელობა თუ შეუწყობს ხელს, ის გამოცხადდება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკამ მელიამ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ განცხადება რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობის დასაწყებად კარვები უკვე გაშალეს. ამასთან, ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას.