რომან გოცირიძე - უპატრონოდ მიტოვებულ ოჯახებში მივდიოდით, ხან მედიკამენტები მიგვქონდა, ხან - სურსათი, არ მგონია, ეს მოსყიდვა იყოს
რომან გოცირიძე - უპატრონოდ მიტოვებულ ოჯახებში მივდიოდით, ხან მედიკამენტები მიგვქონდა, ხან - სურსათი, არ მგონია, ეს მოსყიდვა იყოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში, როცა ყველა პარტია, ფაქტობრივად, განეიტრალებული იყო და ქუჩაში გამოსვლაც არ შეეძლოთ, „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური საარჩევნო კამპანია აწარმოა.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე „სამართლიანი არჩევნების” ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კვლავ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.

„რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს, რომელიღაც ოჯახში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახმარება შეიტანა, ასეთი ორი კი არა, ოცდაათი შემთხვევა მაინც იქნებოდა. ეს სტატისტიკა არ არის სწორი. ჩვენი პარტიის ლიდერები ისეთ ოჯახებში მიდიოდნენ, რომლებიც უპატრონოდ იყო მიტოვებული, საარსებო საშუალება არ ჰქონდათ. ხან მედიკამენტები მიგვქონდა, ხან – სურსათი. ნეტავ, ფული და რესურსი გვქონოდა, რომ მეტ ადამიანს დავხმარებოდით. მარტოხელა ადამიანები, მოხუცები მიტოვებული იყვნენ ადგილობრივი და ცენტრალურო ხელისუფლების მიერ.

არ მგონია, რომ ასეთი ადამიანებისთვის ხელისგამართვა მოსყიდვა ყოფილიყო, მით უმეტეს, საარჩევნო კამპანია დაწყებული არ ყოფილა, მაგრამ რასაც „ქართული ოცნება“ სჩადიოდა იმ ბიზნესმენების ფულით, ვინც ასეულობით მილიონს იპარავდა და ტენდერებში მონაწილეობას კონკურსის გარეშე იღებდნენ, ეს არის მოსყიდვა“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიში  გამოაქვეყნა.