„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის რვა ფაქტი, მათ შორის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ – ოთხი, „ლელო საქართველოსთვის” მიერ – ერთი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ – ორი, ხოლო თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ – ერთი შემთხვევა.
„სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა: ცაგერში, ამბროლაურში, ონში, ხელვაჩაურში, ოზურგეთში, სოფელ გლდანსა და ჩუღურეთში.
ანგარიშში ასახულია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები ხუთ მუნიციპალიტეტში.
ასევე, ორგანიზაციის მხრიდან გამოვლინდა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – ხუთი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – ორი, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის – ერთი, ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – ერთი და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის – ერთი ფაქტი.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.