რომან გოცირიძე - სერგეი გავრილოვი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია და საქართველოში მისი ყოფნა ქვეყნისთვის ღირსების საკითხია
რომან გოცირიძე - სერგეი გავრილოვი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია და საქართველოში მისი ყოფნა ქვეყნისთვის ღირსების საკითხია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მტკიცებით, სერგეი გავრილოვი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია და საქართველოში მისი ყოფნა ქვეყნისთვის ღირსების საკითხია.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, სერგეი გავრილოვი დამნაშავეა, რომლის მართმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.

„მის ნებისმიერ ბიოგრაფიაში ჩაიხედეთ. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, ყველა კონფლიქტში, მათ შორის ყარაბაღში, ყირიმში, დონბასში და შეხვედრილია სადამ ჰუსეინს. ის არის აგენტი, რომელიც დეპუტატი გახდა. საქართველოში ამ ადამიანის შესახებ ცნობილი 2013 წელს გახდა, როცა ე.წ. კოაბიტაცია იყო – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და 2013 წელს შემოიპარა, თუ შემოეთრა რუსეთ-საქართველოს ფეხბურთის დროს. მაშინ, სააკაშვილმა მკაცრი განცხადება გააკეთა, რომ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიდა და ეს ღირსების საკითხი იყო. ადამიანის შემოშვება ან არშემოშვება მხოლოდ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით არ არის განსაზღვრული. 2500 ირანელი არ შემოუშვეს, ანუ, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ამის საბაბი არსებობდა – ან დარჩენის, რაღაც სხვა”, – განაცხადა გოცირიძემ.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს, 19:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება.