რომან გოცირიძე - საქართველოს პოზიცია დიდი ხანია, ნათელია, პირველად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არასდროს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად
რომან გოცირიძე - საქართველოს პოზიცია დიდი ხანია, ნათელია, პირველად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არასდროს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად

​არაერთხელ იქნა გაცხადებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის მშვიდობიანი გზა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიცია ძალიან დიდი ხანია, ნათელია.

„ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პირველად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არასდროს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად, თუ შეიძლება, ასე ითქვას. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით შეიძლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არაერთხელ იქნა გაცხადებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის მშვიდობიანი გზა. ვინ რა განცხადებებს გააკეთებს და შემდეგ ხელისუფლება რა ინტერპრეტაციებს გააკეთებს, ეს არის მათი სინდისისა და ნამუსის საქმე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა, რომ „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

ალექსეი არესტოვიჩმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.