რომან გოცირიძე - საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც სილა გააწნა შარლ მიშელს და ყველას, ვინც ქვეყანას მოუწოდებდა, განხორციელებულიყო სასამართლოს რეფორმა
რომან გოცირიძე - საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც სილა გააწნა შარლ მიშელს და ყველას, ვინც ქვეყანას მოუწოდებდა, განხორციელებულიყო სასამართლოს რეფორმა

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც სილა გააწნა შარლ მიშელს და ყველას, ვინც ქვეყანას მოუწოდებდა, განხორციელებულიყო სასამართლოს რეფორმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, ის, რომ დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილ ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა, ხელისუფლებას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომელთა ფინანსებზეც დგას საქართველო, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც სილა გააწნა შარლ მიშელს და ყველას, ვინც კი, ქვეყანას მოუწოდებდა სასამართლოს რეფორმა განხორციელებულიყო და ასე თავხედურად გაათრიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ამის გამო, ხელისუფლებას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. „ქართულ ოცნებას“ სანქციები დაუწესდებოდა, რომ არა ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ქვეყანა და ამ სანქციებით ხალხი დაზიანდება, არც ლარი გვექნება და არც ბიუჯეტი. პარტნიორები სწორედ ამის გამო იკავებენ თავს შეურაცხყოფის მიყენების საპასუხოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის. მათ ქვეყანა და ხალხი ეცოდებათ და არა ხელისუფლება. ამ ადამიანებს ადარდებთ ძალაუფლება, ვიდრე ქვეყნის ბედი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილ ოთხივე კანდიდატს დღეს მხარი დაუჭირა.