რომან გოცირიძე - როცა რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სანქციების საკითხის დაყენებას, ყოველთვის ერთსა და იმავეს გაიმეორებს
რომან გოცირიძე - როცა რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სანქციების საკითხის დაყენებას, ყოველთვის ერთსა და იმავეს გაიმეორებს

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ რუსეთი ყველა ქმედებაზე არ დაისჯება, ახალგორის მსგავს ქმედებას კვლავ გაიმეორებს და თან კიდევ უფრო თავხედური ფორმით.

ჟურნალისტებთან რომან გოცირიძე ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„ყველა მომხდარ ფაქტში დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება. როგორ უნდა შევაჩეროთ რუსეთის მცოცავი ოკუპაცია იმ შემთხვევაში, თუ მას რაღაც ფასის გადახდა არ მოუწევს? როცა რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარი სახელმწიფოების წინაშე დააყენოს რუსეთის მიმართ მსგავსი ქმედებებისას სანქციების დაწესების საკითხი, რუსეთი ერთსა და იმავეს ყოველთვის გაიმეორებს. ერთი თვის შემდეგაც იგივე მოხდება. არც ერთი საპასუხო ნაბიჯი არ გვექნება, რადგან საქართველოს ხელისუფლება ხმის ამოღებას ვერ ბედავს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად. ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.