რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ ეცდება, 76 ხმით გაიყვანოს დროებითი თავმჯდომარე, ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ მათ უნდათ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ ეცდება, 76 ხმით გაიყვანოს დროებითი თავმჯდომარე, ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ მათ უნდათ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება უკვე ორჯერ დაარღვია.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე, ოპოზიციასთან შეთანხმებით, 100 ხმით უნდა დანიშნულიყო, რაც მმართველმა პარტიამ არ გააკეთა.

რომან გოცირიძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ახლა ეცდება, დროებითი, ექვსთვიანი თავმჯდომარე დაამტკიცონ, რათა ერთჯერადად თვითმმართველობის არჩევნებში გამოიყენონ.

„ყველა ამბობს, რომ უხეში დარღვევა იყო მოსამართლეებთან და ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით. მსგავსი შეფასება თავად შარლ მიშელს ჰქონდა. ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა დანიშნულიყო ოპოზიციასთან შეთანხმებით 100 ხმით. ანუ, კონსენსუსით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა. ახლა ეცდებიან, 76 ხმით გაიყვანონ დროებითი, ექვსთვიანი თავმჯდომარე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ ერთჯერადად მოსახმარი ფიგურა. ხელთათმანივით გამოიყენებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ მათ უნდათ ამ არჩევნების გაყალბება. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ცესკო. ნდობა რომ ჰქონოდა ცესკო-ს, კონსენსუსით უნდა მომხდარიყო არჩევა. იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი არ უშვებენ, რაც სათავისოდ არ გამოიყენეს. ამაზე „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, ამომრჩეველი დაინახავს, რატომ უნდათ საკუთარი ჯიბის ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

დატოვე კომენტარი