რომან გოცირიძე - პრემიერ-მინისტრი გადამალეს, ქვეყანას თავზე გადაახიეს კანონი 
რომან გოცირიძე - პრემიერ-მინისტრი გადამალეს, ქვეყანას თავზე გადაახიეს კანონი 

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო, არის უკანონო, ვინაიდან ხვალ ოფიციალურად არის საპარლამენტო სესიის მუშაობის ბოლო დღე. პრემიერ-მინისტრი გადამალეს, ქვეყანას თავზე გადაახიეს საქართველოს კანონი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა გვქონდა უამრავი შეკითხვა. გოცირიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს პასუხი უნდა გაეცა ყველა იმ უმწვავეს კითხვასა და მოვლენაზე, რაც ქვეყანაში განვითარდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო.

ამასთან, რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენაზეც ისაუბრა.

„ხვალ ივანიშვილი აპირებს აქ შემოაგზავნოს გახარია. თუ პარლამენტი და 93 უღირსი და მორჩილი დეპუტატი იყო ივანიშვილის პირადი ნოტარიუსი, დღეს ივანიშვილს უნდა, პარლამენტი გადააქციოს პირად სამრეცხაოდ. უნდა შემოიყვანოს გახარია და ჩამორეცხოს სისხლი, რომელიც მან დაღვარა ამ ქუჩაზე. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გახარია აქ კი არ უნდა მოვიდეს, ის უნდა გადადგეს. ხვალ აქ რომ მოვალთ, მაგიდაზე უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი, განცხადება მისი გადადგომის შესახებ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ყოველწლიურ მოხსენებით უნდა გამოსულიყო. დოკუმენტი 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.